ირაკლი ლილუაშვილი - ინგლისთან მოგების შემდეგ, ქართველი ახალგაზრდებისადმი ინტერესი ათმაგად გაიზარდა #1TVSPORT
ინგლისთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მენეჯერი ირაკლი ლილუაშვილმა განუცხადა.
„რამდენიმე ფეხბურთელთან ვთანამშრომლობ და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩამდე რამდენიმე ცნობილი მენეჯერი გავაფრთხილე, რომ ამ მატჩით დაინტესებულიყვნენ. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დამიკავშირდებოდნენ. მაგრამ იმან, რაც თამაშის შემდეგ მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ინტერესი ათმაგად გაიზარდა. თამაში 2 საათის დასრულებული არ იყო, როდესაც მობილურზე დავითვალე, რომ 50-ზე მეტი შეტყობინება შემომივიდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ლილუაშვილი.
მან ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებმაც ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვიეს.
„ლუკა გაგნიძეს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გიორგი გულიაშვილმა ინგლისთან დუბლი შეასრულა და უკვე ბევრი კლუბის სამიზნე გახდა, ისევე როგორც გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საგოლე გადაცემის გარდა, ულამაზესი გოლიც გაიტანა“.
მან მწვრთნელის ფაქტორი განსაკუთრებით გამოარჩია.
„გუნდი გრანდთან ასეთ თამაშს რომ აჩვენებს, ეს მწვრთნელის დამსახურებაა. რამაზ სვანაძე რომ ნიჭიერი მწვრთნელია, ეს 19-წლამდელებში მუშაობის დროსაც და ახალგაზრდულ ნაკრებშიც მუშაობაზეც მეტყველებს. ის გულიაშვილთან რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა და გიორგის ყველგან გაჰქონდა და გააქვს. ეს მეტყველებს, რომ მწვრთნელი ფეხბურთელის საჭირო თვისებებს ძალიან მაგრად იყენებს. ეს ბევრს ნიშნავს“.