ირაკლი ლექვთაძე - „დილას“ ლიდერობა სასიამოვნოა, თუმცა რთული კალენდარი გვაქვს
ხუთი ტურის შემდეგ, გორის „დილა” 11 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნულად ლიდერი გახდა და თბილისის „დინამო“ ორი ქულით ჩამოიტოვა.
ბოლო ტურში, თბილისის „მერანის“ კარში გატანილი გოლი ირაკლი ლექვთაძესთვის გორის გუნდში სადებიუტო გამოდგა. მან გუნდში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.
„კლუბში გადმოსვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ეს ჩემი პირველი მატჩი იყო. ვთვლი, რომ ასეთი დაწყება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასურველია, გოლით კი ბედნიერი ვარ, თუმცა ეს ჩემი მაქსიმუმი ნამდვილად არაა. რთულია პირველსავე მატჩში, რომელსაც სასტარტო შემადგენლობიდან იწყებ შენი საუკეთესო თამაში აჩვენო, რაც არ უნდა კარგად იცნობდე და ადაპტირებული იყო გუნდთან. ასე რომ კიდევ უფრო უკეთ შემიძლია. რაც შეეხება ზოგადად მატჩს, გუნდმა დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა და მატჩი ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო,“ – ამბობს ირაკლი ლექვთაძე.
28 წლის ფეხბურთელმა გორის „დილას“ ლიდერობაზეც ისაუბრა – „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენი გუნდი ლიდერია და ცხრილის სათავეში ხედავ, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ და მიღწეულზე არ უნდა დავკმაყოფილდეთ, მით უფრო ვიცით, როგორი რთული კალენდარი გვაქვს მომავალ მატჩებში და რა კალიბრის კონკურენტებს ვეთამაშებით“.