ირაკლი ლექვინაძე - თამბაქოს ნაწარმზე ადვალური გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა
ირაკლი ლექვინაძე - თამბაქოს ნაწარმზე ადვალური გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა

თამბაქოს ნაწარმზე ადვალური გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, კოლოფ სიგარეტზე ადვალური გადასახადის 10 პროცენტიდან 30 პროცენტამდე გაზრდა ერთ დღეში მიღებული და გამოქვეყნებული გადაწყვეტილება და აღნიშნულის შესახებ ბიზნესი ინფორმირებული არ ყოფილა.

„კერძო სექტორს საქმიანობის დასაგეგმად სჭირდება პროგნოზირებადი გარემო და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე მიღება აზიანებს დარგის ინტერესს. ცნობილია, რომ დაგეგმილია საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე რვა წელიწადში მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, შესაბამისად მნიშვნელოვანია აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რომელშიც გაწერილი იქნება გადასახადის ყოველწლიური ზრდა, რათა დარგმა შეძლოს გრძელვადიანი ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა აღნიშნული რეკომენდაციით საქართველოს მთავრობას 2018 წლის აპრილში მიმართა.

2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო.

დატოვე კომენტარი