ირაკლი კობახიძე - თითოეულ რეკომენდაციას პირნათლად მივყვებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედი გვაქვს
ირაკლი კობახიძე - თითოეულ რეკომენდაციას პირნათლად მივყვებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედი გვაქვს

საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ გვაქვს დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. მან უპასუხა წამყვანის შეკითხვას, აჰყვა თუ არა საქართველო იმას, რომ ჩვენი კანდიდატის საკითხი, ევროპული მომავალი და პერსპექტივა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, გარკვეული პროცესების ტექნიკურ შესრულებაზე და მეორე მხრივ, აღქმებზე, რომელიც შეიძლება, ევროპარლამენტარებს თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის შიგნით არსებობდეს.

„წინა გადაწყვეტილებაც იყო მთლიანად პოლიტიკური. უკრაინას არ შევედრებით, რადგანაც გასაგებია კონტექსტი, ომის მდგომარეობაშია ქვეყანა და კანდიდატის სტატუსის არმინიჭება აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა, მაგრამ მოლდოვას რომ შევედაროთ, ის არის დსთ-ის წევრი ქვეყანა. დსთ რუსეთის ქოლგის ქვეშ არსებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო გაერთიანებაა, თუ რაც არის. ამ დსთ-ის წევრია მოლდოვა, კონსტიტუციაში უწერია, რომ ნატო-ს წევრი არასოდეს გახდება, აქვს უმძიმესი პრობლემები კორუფციის, ინსტიტუტების სიმყიფის კუთხით და ა.შ. ანუ კატასტროფაა, ისეთი მდგომარეობაა მოლდოვაში. ასეთ დროს, როდესაც დსთ-ის წევრ და ნატო-ში არშემსვლელ მოლდოვას ანიჭებ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არ ანიჭებ, აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასეთ დროს, რისკი დიდია. შესაბამისად, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ თითოეულ რეკომენდაციას მივყვებით პირნათლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლება პირნათლად მიჰყვება რეკომენდაციების 12-ვე პუნქტს, დანარჩენი კი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს.