ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ვიფიქროთ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, კომისია ძალიან მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას
ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ვიფიქროთ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, კომისია ძალიან მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას

შეიძლება, ვიფიქროთ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, კომისია ძალიან მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„სპონტანურად რომ გიპასუხოთ, შეიძლება მე, პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი; როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არა აქვს; რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, შეგროვდება თუ არა ოპოზიციის 50 ხმა კომისიის შესაქმნელად და ექნება თუ არა მმართველი პარტიის მხარდაჭერა ამ წინადადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე იმსჯელებენ.

„ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი პირადი პოზიციაა, შეიძლება ეს არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე შეიძლება, ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია; მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„არ გვაინტერესებს მათი განცხადებები; მათ შეუძლიათ, ულტიმატუმებიც დააყენონ, დაუყენებიათ კიდეც წარსულში, მაგრამ ჩვენი გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვიმოქმედებთ დღის წესრიგის შესაბამისად, რაც იქნება საჭირო საქმისთვის, გავაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი