ირაკლი კობახიძე - ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს
ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება და გაფართოვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრებთან საზეიმო შეხვედრის ღონისძიება გაიმართა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მხარდაჭერის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.
„უპირველესად, ეს [ევროპის ჩემპიონატზე გასვლა] უდიდესი სიხარულია, რასაც 30 წელზე მეტი ხანი გულშემატკივრები ველოდით. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც წარმოუდგენელი შეძლეს – ჯერ კვალიფიკაციის დროს და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე.
მხარდაჭერის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც ცხრა წლის წინ დაიწყო. ამან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რაც დღეს ქართულ ფეხბურთს აქვს. რაც მთავარია, წინ უნდა გავიხედოთ და მჯერა, რომ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველოდება.
რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, ეს პროგრამა არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად უნდა დავსხდეთ და ბევრი რამ განვიხილოთ, განსაკუთრებით, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვთა ფეხბურთს. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
ჩვენ ასევე ვაპირებთ ახალი, თანამედროვე სტადიონის აშენებას, რაც წარმატების წინაპირობა იქნება, რადგან გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს შორის მეტი ემოციური კავშირია საჭირო. ახალ სტადიონზე ეს იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პირველ არხთან ირაკლი კობახიძემ.