ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე მიმდინარე კვირაში სტრასბურგში შეხვედრებს გამართავენ
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე მიმდინარე კვირაში სტრასბურგში შეხვედრებს გამართავენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრება. მისი თქმით, ვიზიტი 12-13 თებერვალს შედგება.

„ჩვენ ჩავდივართ სტრასბურგში იმისათვის, რომ შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტიდან.

გარდა ამისა, ამავე დღეებში იმართება ასოცირების კომიტეტის სხდომა. იქაც მიდის ქართული დელეგაცია დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც გვაძლევს კოლეგებთან, ევროპელ მეგობრებთან ინფორმაციის გაზიარებისა და გაცვლის საშუალებას.

ეს კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ამ შეხვედრებზე გვექნება საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან დაკავშირებით მივაწვდით ინფორმაციას ჩვენ მეგობრებსა და კოლეგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.