ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ მიმართა - თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, სოხუმში, ცხინვალში, მე ვაწარმოე მოლაპარაკება და გამოუშვეს ყველა პატიმარი, თქვენ რა გააკეთეთ
ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ მიმართა - თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, სოხუმში, ცხინვალში, მე ვაწარმოე მოლაპარაკება და გამოუშვეს ყველა პატიმარი, თქვენ რა გააკეთეთ

თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, სოხუმში, ცხინვალში, მე ვაწარმოე მოლაპარაკება და გამოუშვეს ყველა პატიმარი, თქვენ რა გააკეთეთ, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ღარიბაშვილმა უპასუხა ოპოზიციის შეკითხვას, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.

„აქ რამდენიმე კითხვა დაისვა, რომ რას აკეთებს ხელისუფლება ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. თქვენ, მეგობრებო, მინდა, შეგახსენოთ შემდეგი და მოსახლეობას მინდა, ვუთხრა – ომის დროს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში, რომ არა პატრიარქი, პატრიარქი შებრძანდა. ამას გარდა, რუსეთში ჩატოვეთ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები. მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ რუსეთის ფედერაციაში ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა ჩატოვეს ჩვენი გმირი ოფიცრები; წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი 2008 წლიდან 2012 წლამდე. ჩვენი გმირები ჩატოვეს აბსოლუტურად უპატრონოდ.

რადგანაც დაზვერვის ოფიცრები არიან, მე არ მაქვს უფლება, რომ გვარები ვთქვა. მოიწვიეთ ნდობის ჯგუფი, დაიბარეთ დაზვერვის უფროსი. მე ვიყავი მაშინ შს მინისტრი და შემდეგ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, როცა გამოვიყვანეთ რუსეთიდან მათ მიერ ჩატოვებული ყველა დაზვერვის ოფიცერი. ეს ერთი, მეორე – აქ წეღან აკო მინაშვილმა დამისვა შეკითხვა, ძალიან კარგია, რომ სხვების ტყვეები გავათავისუფლეთ; კარგია, რომ მედიატორის როლი შევასრულეთ, მაგრამ რას ვშვრებით ჩვენს მოქალაქეზეო. მათ მინდა, კიდევ შევახსენო – ომის დროს ჩატოვებული რამდენიმე დაზვერვის ოფიცერი რუსეთში ჩატოვეს უმძიმეს პირობებში, ციმბირის ციხეებში იყვნენ ისინი გადასახლებული.

მეორე ინფორმაცია – ცხინვალში ასევე მათ მიერ დაგეგმილი უაზრო ოპერაციების შედეგად ჩატოვებული ჩვენი სამხედროები და სპეცრაზმელები და ჩვენი მოქალაქეები. ჩატოვეს სოხუმის ციხეში, უმძიმეს პირობებში. 2015 წლის ბოლოს პირადად მე მქონდა, მოლაპარაკება ვაწარმოე იმ დროს დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სრულად იყო გამოშვებული ყველა პატიმარი, ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის ჩვენი ოფიცრები სოხუმის ციხიდან, რომლებსაც ჰქონდათ მისჯილი 19, 20, 22 წელიწადი და ოთხი პატიმარი ცხინვალის საპატიმროებიდან. ჯამში 14 ადამიანი. კითხვა, რომ გაქვთ, მე რა გავაკეთე, აი, მე ეს გავაკეთე. თქვენ რა გააკეთეთ?! თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, სოხუმში და ცხინვალში.

დანარჩენი, ჩვენ მაქსიმალურად, ყველა დონეზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, საგარეო საქმეთა მინისტრი, აბსოლუტურად ყველა სამსახური არის ჩართული, გამოვიყვანთ ბატონ გახელაძეს, ბებიასაც და ყველას – აი, ეს არის ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.