ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობა“ მინდა, გავაფრთხილო, ივანიშვილის სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობა“ მინდა, გავაფრთხილო, ივანიშვილის სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ

2020 წელს არჩევანი ისევ ორ ძალას შორის იქნება გასაკეთებელი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. მისი თქმით, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანამატებით.

„ევროპული საქართველო“ და შეიძლება, კიდევ რაღაც სხვანაირი საქართველო შექმნან და ასე წარუდგნენ საზოგადოებას. რეალური დაპირისპირება და ბრძოლა ისევ მიხეილ სააკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის იქნება. მე ასე წარმომიდგენია 2020 წლის არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ელის თუ არა მმართველი პარტია ოპონენტების სივრცეში მნიშვნელოვან ცვლილებებს და რომელი პარტიები დარჩებიან 2020 წელს „ქართული ოცნების“ ძირითად ოპონენტებად.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა გეგმები და ხედვები აქვს „ქართულ ოცნებას“ არსებული გამოწვევების, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ამ გამოწვევების საპასუხოდ ახალ რეფორმებზე ძალიან აქტიურად მუშაობს და მთელი აქცენტი აქტიურ მუშაობაზე უნდა გადავიდეს.

„ზოგადად, უახლოესი თვეების განმავლობაში, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ახალი არჩევნებისთვის განახლებული ენერგიით და შემადგენლობით მოვემზადოთ. აი, ეს არის ჩვენი მთავარი აქცენტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პირდაპირი მოწოდებები მოისმინა რადიკალიზაციის მიმართულებით, რაც ძალიან შემაშფოთებელი და ყურადსაღებია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი გეგმით გამოვიდა, რომ მათი მთავარი ამოცანა რეგიონებში ფრონტის გაშლაა, საპროტესტო აქციების ჩატარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, როგორც ქალბატონი სანდრა რულოვსი აცხადებს, უნდათ, ეს აქციები ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაამთავრონ, რაც ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელია. მინდა, ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამის პოტენციალს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ვერ ხედავს, მაგრამ ისინი სიტყვიერად ახდენენ თავიანთი ამომრჩევლის კონსოლიდაციას, რაც მათი მთავარი მიზანია.

„უნდათ, ამდენი წაგების შემდეგ მათი ამომრჩეველი ნიჰილიზმში არ წავიდეს და რაღაცით უნდათ, კონსოლიდაცია მოახდინონ. მათ იმედი უნდა მისცენ; რა თქმა უნდა, ფუჭი იმედი, რომ აი, დღეს თუ არა, ხვალ რაღაცას ვიზამთო. მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ვერაფერს ვერ იზამენ. ხალხი ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას ჩვენს მთავრობასა და მათ მთავრობას შორის. ჩვენ მშვიდად და სტაბილურად გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.