ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში
ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში

ჩანაწერი არის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„საზოგადოებამ მოისმინა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს სააკაშვილის ბიძა მიხეილ სააკაშვილის მრავალმილიონიან სახლზე, რომელიც ფლორიდაში აქვს და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ადამიანი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, როგორც საქართველოს პროკურატურა, ასევე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მტკიცე, მყარი საფუძველია იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და ამ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების პოზიციას არ წარმოვადგენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასევე მოისმინა აღიარება მიხეილ სააკაშვილის ბიძის მხრიდან და მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ამ ადამიანების საქმიანობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მოპარული ფულის ასე ვთქვათ, ლეგალიზებას ახდენენ მთელ მსოფლიოში. ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ძალიან სასაცილო და შეიძლება ითქვას, უკიდურესად შეურაცხმყოფელია მიხეილ სააკაშვილის ის კონცერტები, რომელსაც ჩვენს ემიგრანტებთან შეხვედრების დროს მართავს და მათგან მიზერულ თანხებს ითხოვს. წარმოიდგინეთ, რამდენად ყალბი ადამიანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.