ირაკლი ღარიბაშვილი - გვინდა, მაქსიმალურად გავუხსნათ კარი პერსპექტიულ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობით არიან დაინტერესებული
ირაკლი ღარიბაშვილი - გვინდა, მაქსიმალურად გავუხსნათ კარი პერსპექტიულ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობით არიან დაინტერესებული

გვინდა, მაქსიმალურად გავუხსნათ კარი პერსპექტიულ, მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ პარტიული ორგანიზაციების გაძლიერება. არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ რეგიონების მიმართულებითაც. გარდა ამისა, აქტიურად დავიწყეთ ადამიანების შერჩევა, ვინაიდან ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების და სხვა გამოცდილი კადრების მიმართულებით. საზოგადოებას ძალიან მალე, უახლოეს თვეებში, წარვუდგენთ შედეგებს და ჩვენი მიზანი იქნება, პარტია მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი იგივე სახელისუფლებო სტრუქტურებში და მაქსიმალურად გაძლიერდეს ჩვენი პარტიული მუშაობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ღირებულებების გასაზიარებლად ეპატიჟება „ქართული ოცნება“ მოტივირებულ ადამიანებს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებები ყველასთვის ცხადია. პარტია კი არის საშუალება, პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთონ, რათა ეს შესაძლებლობა საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის გამოიყენონ და „ქართული ოცნება“ ადამიანებს სწორედ ამ შესაძლებლობას სთავაზობს.

„შეიძლება, პარტიის შიგნით დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული იდეოლოგია აქვთ და შეიძლება, ბევრი განსხვავებული აზრი იყოს, მაგრამ ეს პრობლემად არ მიგვაჩნია. პირიქით, პარტიის შიგნით უნდა მოხდეს მეტი დისკუსია და დებატები, რომ კიდევ უფრო უკეთესად დავსახოთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.