ირაკლი ჩიქოვანი - დღეს ოპოზიცია პრაქტიკულად, მარტოა დარჩენილი, მათ არგუმენტებს არავინ იზიარებს, გარდა იმ ჯგუფისა, რომელიც ფანჩატურში იკრიბება
ირაკლი ჩიქოვანი - დღეს ოპოზიცია პრაქტიკულად, მარტოა დარჩენილი, მათ არგუმენტებს არავინ იზიარებს, გარდა იმ ჯგუფისა, რომელიც ფანჩატურში იკრიბება

მგონია, რომ შედეგი უნდა მივიღოთ, რომელიც იქნება კარგი, რათა ჩვენი სახელმწიფო განვითარდეს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რასაც ბევრჯერ გაესვა ხაზი, რომ საჭიროა თანამონაწილეობა. რა თქმა უნდა, უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება ჩვენ ყველას ნამდვილად გასიგრძეგანებული გვაქვს. კარგად გვესმის, რასთან გვაქვს საქმე და ამიტომაც არის, რომ წარმოდგენილია წინადადებების მრავალფეროვნება. თუნდაც, იმ კომპრომისებისა, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, თითქოს, ხელისუფლება კომპრომისებისთვის მზად არ არის. ის, რომ საარჩევნო რეფორმას ვატარებთ, ეს არის კომპრომისი; კომპრომისია ის, რომ ჩვენ ყველას შევთავაზეთ საგამოძიებო კომისია, რომლის პირობებშიც თუ ერთპროცენტიან სხვაობას იპოვიდნენ, ახალ არჩევნებზე თანახმა ვიყავით და ა.შ.“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან სხვა კომპრომისი არ იქნება და აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის რამე ახალი წინადადების შეთავაზებას, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ არის სხვადასხვა საკითხი, რომელთან მიმართებაშიც შესაძლოა, მხარეებს სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ ამავდროულად, საერთო დაახლოების წერტილი იპოვონ.

„ამაზე მეტს ვერ გეტყვით. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ნამდვილად არ გვინდა, მიმდინარე მოლაპარაკებას რამე სახით შევუშალოთ ხელი და ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელიც ზოგადად მოლაპარაკებებს ახლავს, როგორც პოლიტიკაში, ასევე დიპლომატიაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა. 

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვადამდელ არჩევნებზე დისკუსია დაიწყოს, ჩიქოვანმა განაცხადა, ვინმე ცესკო-ს მონაცემებთან თუნდაც ერთპროცენტიან სხვაობას თუ დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნების საკითხი დადგება.

„ჩვენ ამ სიტყვას უკან არ წავიღებთ. კიდევ სხვა რაღაც წინაპირობა თუ იქნება, არ ვიცი. პლებისციტზე ხომ საერთოდ, საუბარიც ზედმეტია, რადგან პლებისციტთან მიმართებაში ეს სრულიად არარეალური შემოთავაზებაა. აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩაიგდო და ამ ჩიხში მარტო დარჩა. დღეს ოპოზიცია პრაქტიკულად, მარტოა დარჩენილი. იმიტომ, რომ მათ არგუმენტებს არავინ იზიარებს, გარდა იმ ჯგუფისა, რომელიც იქ, ფანჩატურში იკრიბება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ უჭერს მხარს იმ მოსაზრებას, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რამე ფორმის შეკითხვა არსებობს და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერს გაიაზრებს, ხოლო გააზრების შემდეგ სხვა პოზიციაზე იქნება.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორთა გზავნილებში არის ერთი ხაზი, რომ საჭიროა არა მხოლოდ ერთი მხარის, არამედ ორივე მხარის აქტივობა და შეთანხმება, შეთანხმების მისაღწევად კი აუცილებელია, თავიდან იყოს არიდებული, როგორც პროვოკაციული ქმედებები, ასევე პროვოკაციული განცხადებები.

„მაყურებლისთვის მომინდია, რომ განვსაზღვროთ, ეს ყველაფერი ვისკენ იყო მიმართული. ევროპაში ყველა ხედავს, რომ ამდენი წლის განმავლობაში საქართველოში პროგრესი არსებობს, საქართველო ვითარდება და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის. ამას ევროპა ხედავს არა ისე, როგორც ამის წარმოდგენას ოპოზიცია ცდილობს, თითქოს, ამ ქვეყანაში ყველაფერი გაქრა, ყველაფერი დაინგრა და ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გავხდებით “, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადს აუცილებლად გააკეთებს და იმედი გამოთქვა, რომ ამაში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს.