ირაკლი აზაროვის შესაძლო ტრანსფერის გამო „შახტარი“ გააკრიტიკეს - მის კლუბთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდადან“ დონეცკის „შახტარში“ შესაძლო გადასვლამ უკრაინული მედიის ინტერესი გამოიწვია. sport.24tv.ua-ში გამოქვეყნებულ წერილში ხაზი იყო გასმული ფაქტზე, რომ „შახტარი“ ფეხბურთელს იმ კლუბიდან ყიდულობს, რომელსაც სანქცირებულთა სიაში მყოფი კომპანია ასპონსორებს.
„დონეცკის „შახტარი“ სატრანსფერო კამპანიას აგრძელებს. გუნდი ახლოსაა, სერბული „ცრვენა ზვეზდას” მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის შეძენასთან, მაგრამ აქ ბევრი კითხვა ჩნდება.
საქართველოს ნაკრების მცველთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, მაგრამ საინტერესოა, რომ ეს ლეგიონერი თამაშობს სერბულ კლუბში, რომელიც მშვიდად აგრძელებს თამაშს რუსულ გუნდებთან, ხოლო „ცრვენა ზვეზდას“ ფეხბურთელები მკერდზე ატარებენ პროპაგანდისტული კომპანიისა და მათი კლუბის სპონსორის, „გაზპრომის“ სახელს.
შესაძლოა, ამის გამო კლუბის მესვეურები გულშემატკივრების სიძულვილის ობიექტად იქცნენ. მოსალოდნელია, რომ „შახტარი“ ირაკლი აზაროვში სამ მილიონ ევროს დახარჯავს. არ არის გამორიცხული, მცველის სავარაუდო ტრანსფერისთვის მიღებული ფული სერბებმა რუსეთში ახალ მოგზაურობაში დახარჯონ. 2023 წლის 4 ივლისს მათ ამხანაგურად ითამაშეს „ზენიტთან“.
„შახტარსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის მოლაპარაკებები უკვე ფინალურ ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი უკვე თამაშობს უკრაინული გუნდის დაცვის მარჯვენა ფლანგზე.
„ცრვენა ზვეზდამ“ ქართველი მოთამაშე ბათუმის „დინამოდან“ 200 000 ევროდ შეიძინა. Transfermarkt-ის ინფორმაციით, ირაკლი 1.5 მილიონი ევრო ღირს. 21 წლის მარცხენა მცველს სერბებთან მოქმედი კონტრაქტი აქვს 2026 წლის 30 ივნისამდე, თუმცა უკრაინულ კლუბში გადასვლაში ხელს არ შეუშლიან.
„დინამო თბილისის“ აღზრდილი ირაკლი აზაროვი 2021 წლის იანვარში ბათუმის „დინამოში“ გადაბარგდა. 2022 წლის 5 აგვისტოს პირველად წავიდა უცხოეთში სათამაშოდ, სერბეთის „ცრვენა ზვეზდაში“. სერბული კლუბის მაისურით სულ 26 შეხვედრა ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში აზაროვმა მოედანზე 20 წუთი დაჰყო. თავის ამჟამინდელ გუნდთან ერთად მან უკვე ორი ტიტული მოიპოვა. ირაკლის საქართველოს ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული“, – წერია sport.24tv.ua-ში გამოქვეყნებულ წერილში.