ირაკლი აზაროვი გატანილ გოლში მონაწილეობდა - „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ანტვერპენთან“ თამაში შემოატრიალა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში ითამაშა ირაკლი აზაროვმა. უკრაინულმა გუნდმა ბელგიაში „ანტვერპენთან“ ფაქტობრივად წაგებული თამაში შემოატრიალა და 3:2 მოიგო.
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მინდორზე 90 წუთი გაატარა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი გუნდის განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „ანტვერპენმა“ პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მესამე წუთზე ანგარიში მუჟამ გახსნა, ხოლო 33-ეზე სხვაობა ორამდე ბალიკვიშამ გაზარდა.
რთულ ვითარებაში დონეცკელებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს, რაშიც თავისი წვლილი აზაროვმა შეიტანა. მან 48-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ ნაზარინა დატოვა, რომლის დარტყმაც კიპერმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე სიკანმა სხვაობა შეამცირა.
71-ე წუთზე „შახტარის“ მცველმა, რაკიცკიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო ხუთ წუთში სიკანმა დუბლი შეასრულა და დონეცკელები დააწინაურა. ბელგიელებს ქულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო დამატებულ წუთზე „შახტარის“ კარში დანიშნული პენალტი „ანტვერპენის“ კაპიტანმა, ტობი ალდერვეირელდმა ვერ გამოიყენა.
საბოლოოდ, „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 14-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ჯგუფში (სადაც ასევე „ბარსელონა“ და „პორტუ“ არიან) 3 ქულით მესამე ადგილზეა.