იქნება თუ არა ისევ მამარდაშვილი „ვალენსიას“ მთავარი მეკარე - პასუხს კვირას „ოსასუნასთან“ მატჩში მივიღებთ #1TVSPORT
იქნება თუ არა ისევ მამარდაშვილი „ვალენსიას“ მთავარი მეკარე - პასუხს კვირას „ოსასუნასთან“ მატჩში მივიღებთ #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა და „ვალენსიას“ შეუერთდა, რომელიც „ოსასუნასთან“ კვირას დაგეგმილ ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩისთვის ემზადება.

ხოსე ბორდალასის გუნდს დაუბრუნდა ესპანეთის ნაკრების წვერი ხოსე ლუის გაია, რომელიც საქართველოს ნაკრებთან დაშავდა, რამაც აიძულა მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს ასევე კარლოს სოლერი, რომელმაც 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს გაუტანა, აგრეთვე, ალექს ბლანკო.

ვარჯიშზე მხოლოდ დაშავებული კრიშტიანო პიჩინი და ეროვნული ნაკრებში წასული სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები, ომარ ალდერეტე (პარაგვაი) და მაქსი გომესი (ურუგვაი) არ იმყოფებოდნენ.

Deportevalenciano-ს ცნობით, შესაძლოა, წელს ბოლოჯერ დაისვას საკითხი, კარში მამარდაშვილი ჩადგება თუ ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენი.

„ახლა, შეიძლება ეს შეკითხვა ბოლოჯერ დასვათ – თუ ვინ იქნება „ვალენსიას“ კარში. პირველი სამი ტური მამარდაშვილმა დაიწყო და ძალიან კარგად გამოჩნდა. „ალავესთან“ ბოლო მატჩამდე ცვლილება თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ბორდალასი ისევ ქართველს დაეყრდნო. თუ „ოსასუნასთან“ როტაცია არ მოხდება, „ვალენსიას“ მეკარე სულ მცირე უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მამარდაშვილი იქნება. აშკარაა, რომ საჭიროა მუშაობა სილესენის წასვლაზე ან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაყვანაზე, რადგან კლუბს არ შეუძლია 13-მილიონი ევროს ხელფასის მქონე მეკარე უთამაშებელი ჰყავდეს. პასუხს ამ კვირას პამპლონაში მივიღებთ“, – წერს გამოცემა.