იოზეფ საბო - საქართველოსთან მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს უსამართლო შედეგი იქნებოდა #1TVSPORT
იოზეფ საბომ ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებთან (1:1) ფრედ დასრულებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
უკრაინის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველო ახლა უკრაინის ნაკრებზე ძლიერია.
„მატჩის წინ ვთქვი, რომ წავაგებდით. რატომ? ჯერ ერთი, ვიცი, რა რთულია საქართველოში თამაში, იქ გულშემატკივრების გიჟური მხარდაჭერაა. მეორეც, დღეს მათი ფეხბურთელები ჩვენებზე ძლიერები არიან.
მაგრამ, ბათუმში უკრაინის ნაკრებმა კარგად ითამაშა და ძალიან მომეწონა. რებროვი შესანიშნავი მწვრთნელია, მან შეხვედრისთვის სწორი გეგმა შეარჩია, კონტრშეტევებზე იყო ორიენტირებული და გოლიც ასე გავიტანეთ.
ამავე დროს, ჩვენმა გუნდმა შეგნებულად დათმო ბურთის კონტროლი, ბიჭები შესანიშნავად გაისარჯნენ, იბრძოდნენ და ყველაფერს ცდილობდნენ. მატჩის ბოლოს გამართლების შემთხვევაში, მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს უსამართლო შედეგი იქნებოდა“, – განაცხადა იოსეფ საბომ.