ფიფა-სა და უეფა-ს ყოფილ პრეზიდენტებს – იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის თაღლითობაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ გამოაცხადა შვეიცარიის ფედერალურმა პროკურატურამ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლატერსა და პლატინის ბრალად ედებათ ფიფა-ს ბიუჯეტიდან ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის (1.86 მილიონი დოლარი) გადარიცხვა მიშელ პლატინის ანგარიშზე.
„ფედერალური პროკურატურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები ამყარებს ეჭვს იმაზე, რომ ეს გადარიცხვა შესრულდა კანონიერი საფუძვლის გარეშე. მან ზარალი მიაყენა ფიფა-ს აქტივებს და უკანონოდ გაამდიდრა პლატინი“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ საქმე გახსნა ბლატერის წინააღმდეგ, რომელიც იმ მომენტში ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ეჭვმიტანილი იყო 2011 წელს უეფა-ს მაშინდელ პრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის ორი მილიონი ფრანკის უკანონო გადარიცხვაში. ასევე, ბლატერი დაადანაშაულეს შესაძლო თაღლითურ გარიგებაში კარიბის საფეხბურთო კავშირთან (CFU) – ლაპარაკი იყო მსოფლიოს 2010 და 2014 წლების ჩემპიონატების ტრანსლაციის უფლებების გაყიდვაზე. ბლატერი რვა წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას. 2016 წლის თებერვალში ფიფა-ს სააპელაციო კომიტეტმა ეს ვადა ექვს წლამდე შეამცირა. 2021 წლის მარტში ამ ვადას კიდევ ექვსი წელი დაემატა. ამჯერად, შვეიცარიელმა ფუნქციონერმა არ გააპროტესტა ახალი სასჯელი.