იოზეფ ბლატერი - ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატი თაღლითობით მიიღო
იოზეფ ბლატერი - ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატი თაღლითობით მიიღო

„ფიფას“ ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ თავის დროზე, აღმასრულებელმა კომიტეტმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლის არჩევისას არ გაითვალისწინა და უარყო რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ ყატარს არ შეუძლია ტურნირის მიღება.

82 წლის შვეიცარიელის სიტყვებით, ყატარის განაცხადის გამარჯვება შესაძლებელი გახდა უკანონო შეთანხმების და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, რომელსაც ახორციელებდა მიშელ პლატინი – აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი.

თავის ახალ წიგნში Ma Verite („ჩემი სიმართლე“) ბლატერი ამტკიცებს, რომ აღმასკომის არც ერთ წევრს არ წაუკითხავს დეტალური საინსპექციო ანგარიში ქვეყანებზე, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე, რადგან იმ დროისთვის უკვე მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება.

„ჩვენ დაწვრილებით რომ შეგვესწავლა ის ანგარიშები, მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში არ ჩატარდებოდა.
არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, არსებობს თუ არა კავშირი ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატსა და იმას შორის, რაც შემდეგ მოხდა“, – წერს ბლატერი თავის წიგნში. მას მხედველობაში აქვს ის, რომ არჩევნების მოგების შემდეგ, ყატარმა მილიარდები ჩადო საფრანგეთში ავიაციურ კონტრაქტებში და „პარი სენ-ჟერმენში“.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი 2015 წლიდან ჩამოშორებულია საფეხბურთო მოღვაწეობას კორუფციული სკანდალის გამოძიების შედეგების გამო.