იოსებ ტყემალაძე ფრანგულ „ეკიპს“ ესაუბრა - ტოპ-ნაკრებებთან ინტეგრირებით, შეგვიძლია, უკეთეს შედეგს მივაღწიოთ #1TVSPORT
ფრანგულ გამოცემა „ეკიპში“ რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემელაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც იგი ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.
კითხვაზე, საერთაშორისო ასპარეზზე შემდგომი წინსვლისთვის ქართულ რაგბის რა სჭირდება, იგი პასუხობს:
„შევქმენით ფრენჩაიზი, რომელიც ერთგვარი ეროვნული ნაკრები იქნება და ყოველწლიურად მეტ მატჩს ჩაატარებს. დღეს ვთამაშობთ სუპერთასს (განვითარებადი ქვეყნების ევროპული შეჯიბრი) და ვცდილობთ ევროპის ჩემპიონატში უკეთესად ინტეგრირებას. იდეალურ და გრძელვადიან პერსპექტივაში, გვსურს ჩავერთოთ პრო-14-ში (United Rugby Championship). მინდა მადლობა გადავუხადო ევროპას და განსაკუთრებით საფრანგეთს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დაგვეხმარნენ. ამან განვითარების საშუალება მისცა ქართულ რაგბის. საფრანგეთში ბევრი ახალგაზრდა ქართველი მორაგბე თამაშობს და ხვეწს პროფესიულ თვისებებს.
მადლობას ვუხდით მსოფლიო რაგბის იმ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გაკეთდა ჩვენთვის. კერძოდ, ტესტ-მატჩებში ვხვდებით მსოფლიოს გრანდებს. მათ შორის იყო შოტლანდია და სამხრეთ აფრიკა (2021 წლის ივლისი). 14 ნოემბერს ვეთამაშებით საფრანგეთს. აქამდე ასეთი დონის გუნდებთან თამაშის საშუალება არ გვქონდა. ახლა ველოდებით ჩვენი 100 სტადიონის პროექტის მხარდაჭერას“, – აცხადებს ტყემალაძე.
ჟურნალისტის თქმით, ორი ქვეყანა, რომლებმაც ბოლო წლებში, შეიძლება, ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიონ, არგენტინა და იაპონიაა. კითხვაზე, რომელი სტრუქტურული მოდელის გაზიარებას შეძლებდა რაგბის კავშირი საკუთარი ძალების გამოყენებით, ტყემალაძე პასუხობს:
„საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქართული რაგბის განვითარების მოდელი განვიხილეთ. ჩვენი ძლიერი მხარეები, გენეტიკა და ა.შ. და ვერ ვიტყვი, რომ არგენტინული ან იაპონური მოდელი შეგვეფერება. მეორეს მხრივ, უნდა შევისწავლოთ ორივე მოდელი და შევქმნათ საკუთარი, რომ გავიმარჯვოთ და წინ წავიდეთ. ჩვენი პროექტი ამბიციურია. გვაქვს ძლიერი მხარეები და გვინდა ავაშენოთ სისტემა, რომელიც ჩვენთვის შესაფერისია. ეს პროცესი მიმდინარეობს სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის დახმარებით.
იმისათვის, რომ სხვებზე უკეთესი ვიყოთ, უნდა შევისწავლოთ სხვების გამოცდილება, მაგრამ ჩვენი გზა ვიპოვოთ. მართალია, იტალიის ნაკრების ბოლო შედეგები სამაგალითო არ არის და ეს კარგი არავისთვის არის, ის ფაქტი არ გვახარებს. რაც შეეხება საქართველოს, ათი წელია, რაც მეორე რანგის ტურნირზე მაღლა ვართ. ვიცით, რომ უკეთ შეგვიძლია. გასულ წელს შემოდგომის ერთა თასზე ჩვენმა მოგზაურობამ დაამტკიცა, რომ დიდ ერებთან თამაში პროგრესირების საშუალებას გვაძლევს. ეს ამყარებს იმ აზრს, რომ ზედა დონის ნაკრებებთან ინტეგრირებით, შეგვიძლია მივაღწიოთ კიდევ უფრო უკეთეს შედეგს. ეს რვაგუნდიანი შეჯიბრებაც ძალიან საინტერესო ფორმატად მიგვაჩნია. თუ მსოფლიო რაგბიმ მოახერხა ამ ფორმატის შეჯიბრის გაგრძელება, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის, იტალიელებისთვის და მსოფლიო რაგბის განვითარებისთვის“,- აცხადებს იოსებ ტყემალაძე ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.