ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ყველა ვარსკვლავის” მატჩამდე რეგულარული სეზონის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა. “მილუოკი ბაგსმა” საკუთარ არენაზე “დენვერ ნაგეთსს” უმასპინძლა და მეტოქესთან 123-134 დამარცხდა. ბრწინვალე მატჩი ჩაატარა დენვერელთა ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა. სერბი კალათბურთელი “მილუოკისთან” ნაჩვენები შედეგით ნბა-ს ისტორიაში შევიდა. იოკიჩმა ყველაზე სწრაფად, 14 წუთში შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება. მთლიანად თამაშში კი სერბის მონაგარი 30 ქულა, 15 მოხსნა და 17 პასია. გერი ჰარისმა “დენვერს” 28 ქულა შესძინა. 26 ქულა ჰქონდა ჯამალ მიურეის. მილუოკელთა შორის კი სამმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში იანის ანტეტოკუნმპომ. ბერძენმა 36 ქულა, 11 მოხნა და 13 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. “მინესოტამ” საკუთარ არენაზე “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 8 ქულის სხვაობით 119-111 დაამარცხა.