იოკიჩის 53-მა ქულამ „დენვერს“ ვერ უშველა, „ფინიქსმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოაციაციაში (NBA) გადამწყვეტ ფაზაში შედის კონფერენციების ნახევარფინალები. გამთენიისას „ფინიქს სანსმა“ საკუთარ მოედანზე დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „დენვერს“ უმასპინძლა, 129:124 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

„ფინიქსის“ რიგებში საუკეთესოები ისევ კევინ დურანტი და დევინ ბუკერი იყვნენ. არიზონელთა დუეტმა, ჯამში, 72 ქულა დააგროვა (ბუკერი – 36, დურანტი – 36). თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლენდრი შამეტმა, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან 19 ქულას მოუყარა თავი. მან 8-იდან 5 სამქულიანი ჩააგდო.

„დენვერის“ რიგებში ბრწყინავდა ნიკოლა იოკიჩი. სერბმა ცენტრმა 53 ქულა ჩააგდო და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამ გუნდების სერიის მომდევნო მატჩი „დენვერის“ არენაზე 10 მაისს გაიმართება.

ანგარიში გათანაბრდა „ფილადელფიასა“ და „ბოსტონს“ შორის სერიაშიც – 2:2. აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდების მორიგ, მეოთხე დაპირისპირებას „ფილადელფიის“ საშინაო არენამ უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 116:115. თამაშის საუკეთესო ბომბარდირი ჯეიმს ჰარდენი გახდა (42 ქულა). მან გადამწყვეტი ბურთები ჩააგდო მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებსა და ოვერტაიმში.

ჰარდენს „ფილადელფიის“ ცენტრი და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი MVP-ი, ჯოელ ემბიდი 34 ქულით დაეხმარა. „ბოსტონის“ რიგებში გამორჩეული იყო ჯეისონ ტეიტუმი, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. სერიის მომდევნო შეხვედრას 10 მაისს „ბოსტონი“ უმასპინძლებს.