მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ნიდერლანდელი მოთამაშე იოჰან ნეესკენსი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაცია ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ნეესკენსი ბოლო დღეების მანძილზე ფედერაციის ეგიდით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ალჟირში იმყოფებოდა, სადაც თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ სახელდება.
ნეესკენსი 1970-იანი წლების ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მასთან ერთად გუნდმა ორჯერ, 1974 და 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. საკლუბო კარიერის გამორჩეული წლები კი „ბარსელონასა“ და „აიაქსში“ გაატარა. ის ჩემპიონთა თასის სამგზის გამარჯვებულია.
2004 წელს იოჰან ნეესკენსი ფიფა-მ მსოფლიოს 125 საუკეთესო ცოცხალ ფეხბურთელს შორის დაასახელა.