კუბელი მებრძოლი იოელ რომერო, რომელიც აქამდე UFC-ში ასპარეზობდა ახალ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლისთვის ემზადება. 43 წლის მებრძოლმა საკუთარ ინსტაგრამზე „ბელატორის“ ეკიპირებით ფოტო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ რომერო 2020 წლის ბოლოს იმ 60 მებრძოლის სიაში მოხვდა, რომლებიც UFC-იმ გაათავისუფლა. კუბელს ახალი ორგანიზაციის საპოვნელად დიდი დრო არ დასჭირდა. „ბელატორმა“ იოელს მალევე შესთავაზა კონტრაქტი და მებრძოლი პირობებზე დათანხმდა.
„ბელატორი“ მაყურებელს აპრილში უბრუნდება. რომეროს დებიუტი, დიდი ალბათობით, პირველივე ქარდზე შედგება.
რომერომ (13-5) ბოლო 3 ბრძოლა წააგო, რაც ალბათ, UFC-დან მისი წამოსვლის მთავარი მიზეზი იყო (ვიტეკერი, კოსტა, ადესანია).
საინტერესოა, რომ რომერო „ბელატორში“ ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში იასპარეზებს, სადაც ამ დროისთვის ირიცხებიან ენტონი ჯონსონი, რაიან ბეიდერი, ვადიმ ნემკოვი, ფილ დევისი და ლიოტო მაჩიდა.