ლას ვეგასში გასულ კვირას ქალთა შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრძოლა შედგა. ქვემსუბუქი (strawweight) წონის ჩემპიონი ჩინელი ვეილი ჟანგი პოლონელ იოანა ჟედრეჟჩაკს დაუპირისპირდა და ხუთრაუნდიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ყველამ ნათლად დაინახა, რომ იოანას შუბლის არეში სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული. ჰემატომა იმდენად თვალსაჩინოა, რომ, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჟედრეჟჩაკს პოლონეთში ოპერაცია ჩაუტარდება.
„ოპერაციას საუკეთესო პლასტიკური ქირურგი გამიკეთებს. ყველაფერი რიგზეა. თავდაპირველად ყურზე მცირე სამედიცინო პროცედურა ჩამიტარდება, რის შემდეგაც უკვე ძირითად ტრავმას მივხედავთ. სანერვიულო არაფერია, UFC ყოველთვის კარგად ზრუნავს ჩვენზე“.
ყოფილმა ჩემპიონმა ასევე განაცხადა, რომ კვლავ სურს ვეილი ჟანგის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლა.