ამ ზაფხულს ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა იყო. იგი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ესპანეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, საიდანაც ვლადიკავკაზის გავლით მოსკოვში გაემგზავრა.
თოკო გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და ახალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის გარეშე ემზადება. შეგახსენებთ, რომ ცსკა-ს თავკაცი ბერძენი დიმიტრის იტუდისი ათენში კორონავირუსს მკურნალობდა. ამჟამად სრულიად გამოჯანმრთელდა და მოსკოვში ერთ კვირაში გადაფრინდება.
ამასობაში თორნიკე შენგელიასთან კლუბის ოფიციალური საიტის ჟურნალისტმა ჩაწერა საინტერესო ინტერვიუ, რომელშიც კერძებიდან დაწყებული ცსკა-ს კალათბურთელებით დამთავრებული, ბევრ საინტერესო საკითხზე მსჯელობს.
– ცსკა-ს ჩემი დამატების სურვილი აქამდეც ჰქონდა. ამის შესახებ რამდენიმე წლის წინაც შევიტყვე. ასეთი დონის გუნდში თამაში მეც მინდოდა, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ 2020 წლის ზაფხულში შედგა. განვლილ სეზონში „ბასკონიასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგე. რაც შემეძლო, ბასკური გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. ვხვდებოდი, რომ ცვლილების დრო იყო. ამიტომაც დავტოვე ესპანეთის ჩემპიონი გუნდი და გადავედი ევროლიგის ჩემპიონში.
ახალ გუნდში გადასვლისას ნებისმიერ კალათბურთელს აქვს მიზანი. ცხადია, გამონაკლისი არც თორნიკე შენგელიაა:
– ევროლიგის მოგებაზე დიდი ხანია, ვოცნებობ. ამიტომ, მინდოდა ისეთ გუნდში მეთამაშა, როგორიც არის ცსკა – სადღეისოდ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იმ კალათბურთელებით, რომლებიც გუნდში არიან, მშვენიერი შანსი გვაქვს ევროლიგის ფინალურ ოთხეულში გავიდეთ. შემდეგ, ვნახოთ, რა მოხდება.
მოგეხსენებათ, თორნიკე საქართველოს ნაკრებშიცა და „ბასკონიაშიც“ 23-ე ნომრად თამაშობს. ცსკა-ში კი ამ ნომრის მაისური იტალიის ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ დანიელ ჰაკეტს ეცვა.
– ეს ნომერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რატომ, როგორ, ამაზე ზედმეტი მსჯელობა არ მინდა – პირადულია. საერთოდ, კი მოგეხსენებათ, 23 ნომრად მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი თამაშობდა. რადგან „ბასკონიაშიც“ ამ ნომრით გამოვდიოდი, ვჩქარობდი, გამერკვია რა იქნებოდა ცსკა-ში. დავურეკე დანიელ ჰაკეტს, რომელიც გასულ სეზონში 23-ე იყო. ვუთხარი, შენს ნომერზე მინდა დაგელეპარაკო-მეთქი. წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ მითხრა – პრობლემა არ არის, შეგიძლია ცსკა-ში 23 ნომრად ითამაშოო. ცხადია, გამეხარდა. მითუმეტეს, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამს დანიელ ჰაკეტი, შესანიშნავი პიროვნება და კალათბურთელი.
გუნდის ჟურნალისტმა საქართველოს ნაკრების ფორვარდს მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა – რამდენ ხინკალს ჭამ? მოულოდნელი, მაგრამ საინტერესო შეკითხვაა:
– სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებით რეკორდებზე არ მიფიქრია. რომ მოვინდომო, ალბათ, 20-25 ხინკალს შევჭამ. თუმცა ერთ ჯერზე 10-ზე მეტი არ მიჭამია. ესეც საკმარისია.
ინტერვიუ ინგლისურ ენაზეა ჩაწერილი. თორნიკე, მშვენივრად ფლობს როგორც ესპანურ, ასევე ინგლისურ ენებს.
– რუსულად კარგად ვერ ვლაპარაკობ. ვიცი სიტყვები „მადლობა“, „როგორ ხარ“ და ა.შ… რუსულს სკოლაში ვსწავლობდი ძალიან პატარა რომ ვიყავი, თუმცა მას მერე პრაქტიკა არ მქონია და კარგად აღარ მახსოვს. უკეთესად მესმის, ვიდრე ვლაპარაკობ.
ცსკა ევროლიგაზე კარგი დაცვით გამოირჩევა. გუნდის ჟურნალისტმა ჰკითხა, ცსკა-ს რომელი კალათბურთელის წინააღმდეგ იყო შენგელიასთვის თამაში ყველაზე რთული. თორნიკემ სამი დაასახელა.
– ცსკა-ში ბევრი კარგი კალათბურთელია, დაცვაში ყველა მაღალ დონეზე თამაშობს. მათგან მაინც სამს გამოვყოფ: კაილ ჰაინსს, რომელიც ჩემი პოზიციის ფორვარდია, ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთი მატჩი გვაქვს გამართული. გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი „ბასკონიაში“ ჩემი თანაგუნდელი იყო. იგი ნებისმიერი გუნდისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე რთულია უილ კლაიბერნის დაჭერა. მაღალი დონის შემსრულებელია. ამ სამ კალათბურთელს გუნდების სკაუტინგისასაც ყველა დიდ ყურადღებას აქცევს.
საკუთარ ქორწილში თორნიკემ მეუღლესთან ერთად ფრენკ სინატრას სიმღერა შეასრულა. ჟურნალისტი მისი მუსიკალური შესაძლებლობებით დაინტერესდა.
– მიყვარს ფრენკ სინატრას სიმღერები. ვუკრავ ბარაბანზე. რამდენიმე წლის წინ უკეთესად ვუკრავდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვახერხებ. სამ ბავშვთან ერთად ბარაბნისთვის ვეღარ ვიცლი, თან მათ ძილის დროს სიმშვიდე სჭირდებათ. დრო რომ მქონოდა, სიამოვნებით ვისწავლიდი გიტარასა და ფორტეპიანოზე დაკვრას.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ახალ გუნდთან ერთად პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 სექტემბერს გამართავს. ეს იქნება ვითიბი ლიგის გახსნითი მატჩი ყაზახეთში, „ასტანას“ წინააღმდეგ.