„ინტერში“ ჩარიცხული ახალაიას მამა იმედოვნებს, რომ მისი შვილი საქართველოს სახელით ითამაშებს (ვიდეო)
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილი საქართველოს სახელით ითამაშებს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თბილისის „დინამოსა“ და „ციურიხის“ ყოფილი თავდამსხმელი ლადო ახალაია თავის შვილზე, უმცროს ლადო ახალაიაზე, რომელთანაც მილანის „ინტერმა“ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
მოლდოვის მოქალაქეობის მქონე 18 წლის ქართველი თავდამსხმელი, უმცროსი ლადო ახალაია იტალიური ფეხბურთის გრანდში 2017 წლიდან ვარჯიშობს, გამოდიოდა მილანის „ინტერის“ ასაკობრივ გუნდებში, მთავარ გუნდში პროფესიონალური კონტრაქტი კი ახლახანს გააფორმა.
„ლადო 7 წლიდან მოლდოვაში ცხოვრობს და რეალურად, ფეხბურთზე კიშინიოვში შევიდა. ის ჩემი შვილია, ქართველია და ეს კარგად იცის. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს. ამის დიდი იმედი და სურვილი მაქვს“, – აცხადებს ლადო ახალაია.
თუმცა, არ მალავს, რომ მისი მიწვევა მოლდოვის ეროვნულ ნაკრებში სურთ: „ჩემი ყოფილი სიმამრი, ალექსანდრე სპირიდონი დონეცკის „შახტარის“ მწვრთნელი და მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ბუნებრივია, დაინტერესებულია, რომ ლადომ მოლდოვის ნაკრებში ითამაშოს. ვიცი, რომ ამას უახლოეს პერიოდში აპირებენ, რომ მერე სხვა ქვეყანამ ვერ წაიყვანოს. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ გადაწყდება. თუმცა, ვიმეორებ, იმედი მაქვს, რომ საქართველოს სახელით ითამაშებს“.
ლადო ახალაია 38 წლისაა – იყო თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი თავდამსხმელი. 2005 წელს იჯარით „ციურიხში“ გადავიდა. ერთხელ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა – 2004 წელს რუმინეთის წინააღმდეგ. ამჟამად კი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელია.