ინტერს გიი საქართველოში დაბრუნდა - კოტდივუარელი „საბურთალოში" ითამაშებს
„სამტრედიას“ ყოფილი ნახევარმცველი ინტერსს გიი საქართველოში დაბრუნდა და ახალი სეოზნიდან ქვეყნის ჩემპიონ „საბურთალოში“ ითამაშებს – ინფორმაცია პირველ არხს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ დაუდასტურა.
„დიახ, ეს ამბავი გადაწყვეტილია. მასთან კონტრაქტის 1+1 სისტემით გაფორმებას ვგეგმავთ. ინტერს გიი ჯერ კიდევ „სამტრედიაში“ გამოსვლის პერიოდიდან მოგვწონდა. ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია, ვისაც ეროვნულ ლიგაში უთამაშია. ის უკვე ჩამოვიდა და კონტრაქტის გაფორმებას სამედიცინო შემოწმების შემდეგ ვგეგმავთ“, – ამბობს კაშია.
ინტერს გიი „სამტრედიაში“ 2017 წელს ჩაირიცხა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და პირველივე სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. მაგრამ ზაფხულში გუნდში ბევრი რამ შეიცვალა და კოტდივუარელ თავდამსხმელთან კონტრაქტი გაწყვიტეს.