ინტერს გიი საოპერაციოა და დიდი ალბათობით „საბურთალოს“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარება.
25 წლის კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი 28 მაისს, „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, „ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩის მერვე წუთზე დაშავდა და ნაადრევად შეცვალეს.
„საბურთალოს“ პრესსამსახურის ცნობით, ინტერს გიი ოპერაციას გაიკეთებს – შემტევ ნახევარმცველს მენისკი აქვს დაზიანებული. კლუბის ლეგიონერი ოპერაციას პარასკევს გაიკეთებს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს მოუწევს იძულებით დასვენება.
ინტერს გიი მოქმედ ჩემპიონს სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან „საბურთალოს“ შემადგენლობაში 10 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.