„ინტერმა“ მერვედ მოიპოვა იტალიის თასი, „იუვენტუსი“ 2011 წლის შემდეგ პირველად დარჩა ტიტულის გარეშე [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიაში ქვეყნის თასის მფლობელი გამოვლინდა. ფინალში „ინტერმა“ დამატებით დროში 4:2 დაამარცხა „იუვენტუსი“ და 2011 წლის შემდეგ პირველად და არსებობის ისტორიაში მერვედ მოიპოვა ტიტული.
„ინტერი“ მეშვიდე წუთზე ნიკოლო ბარელამ დააწინაურა, მაგრამ „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმის დებიუტში 55 წამის ინტერვალით ორი გოლი გაიტანა – თავი გამოიჩინეს ალექს სანდრომ და დუშან ვლაჰოვიჩმა. მილანურმა კლუბმა 82-ე წუთზე გაათანაბრა – ლაუტარო მარტინესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჰაქან ჩალჰანოგლუმ გამოიყენა.
შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, რომლის პირველი ტაიმის ბოლოს ივან პერიშიჩმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 4:2 მოაგებინა.
„იუვენტუსი“ 2011 წლის შემდეგ პირველად დარჩა სეზონში ტიტულის გარეშე. რაც შეეხება „ინტერს“, მას ოქროს დუბლის შესრულება შეუძლია, რადგან სერია A-ს დასრულებიდან ორი ტურით ადრე, ლიდერ „მილანს“ ორი ქულით ჩამორჩება.