„ინტერის“ ყოფილი სკაუტი - კვარაცხელიას ტრანსფერზე ვმუშაობდით, მაგრამ „ნაპოლიმ“ ჩვენზე სწრაფად იმოქმედა #1TVSPORT
„ინტერის“ ყოფილმა სკაუტმა ადელიო მორომ „ნაპოლის“ახალწვეულის, კვარაცხელიას პერსეპქტივაზე ისაუბრა. ის მილანური კლუბისთვის მოთამაშეების ძიებაზე 1999-2020 წლებში მუშაობდა და აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ინტერის“ სპორტული დირექტორის, პიერო აუსილიოს მხედველობის ობიექტში მოექცა.
„ნეაპოლში გამოჩენის შემდეგ კვარაცხელიას მონაცემები ჩვენთვის, სელექციონერებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. მის შესახებ პირველად ჩემმა მეგობარმა მირჩა ლუჩესკუმ მითხრა. ეს 4 წლის წინ მოხდა. მირჩას ჰყავდა ქართველი თანაშემწე, რომელიც კვარაცხელიას საქართველოს საუკეთესო ტალანტს უწოდებდა. მაშინ ჯერ კიდევ „ინტერში“ ვმუშაობდი“, – აცხადებს „ინტერის“ ყოფილი სკაუტი.
მისი თქმით, ხვიჩას ტრანსფერს მაშინ „ინტერი“ განიხილავდა:
„ამ ბიჭით მაშინვე დაინტერესდა „ინტერის“ სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო და ტრანსფერი დღის წესრიგში შევიდა. მაგრამ „ნაპოლიმ“ უფრო სწრაფად იმოქმედა, კარგად მიხვდა, რომ კვარაცხელიას ასაყვანად კონკურენცია გაიზრდებოდა და ყველას დაასწრო. ეს მართლაც ძლიერი დარტყმა იყო კონკურენტებისთვის, რასაც ვულოცავ ნეაპოლელებს, რადგან ძალიან ძლიერი მოთამაშე აიყვანა“.