„ინტერის“ ყოფილი პრეზიდენტი - „ნაპოლიდან“ რასპადორისა და კვარაცხელიას დამატებას ვისურვებდი #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ აღფრთოვანება გამოხატა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ თამაშით და გუნდის ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სიმპათია არ დამალა.
„უნდა ვთქვა, რომ „ნაპოლი“ ახლა რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს, გუნდი ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით წარმოუდგენლად თამაშობს. ის ძალიან კომპეტენტური მწვრთნელია, რომელიც ყოველთვის მომწონდა. „ინტერის“ მატჩის ყურების შემდეგ „ნაპოლის“ ფეხბურთით ვისიამოვნე და ბევრი არაფერია სათქმელი. ვუსურვებ, რომ კარგად გააგრძელონ, რადგან ისინი ამას იმსახურებენ“ – აცხადებს მასიმო მორატი.
მას დაუსვეს კითხვა, „ნაპოლის“ რომელი ფეხბურთელის ნახვას ისურვებდა „ინტერში“ და მორატიმ ორი ნეაპოლელი დაასახელა:
„მე ვისურვებდი ჯაკომო რასპადორის დამატებას, რომელიც ჭკვიანი ბიჭია და ბურთს კარგად აკონტროლებს. ის არასდროს დააზარალებს გუნდს. ჩემი აზრით, ძალიან კარგია ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს. ის ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელია, ვინც გამახსოვრდება“, – თქვა მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში.