„ინტერის“ გენერალური დირექტორი - შეიძლება სერია A-ს მიმდინარე სეზონი არ დასრულდეს
მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო მატჩების გადატანამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ის, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონი ვერ დასრულდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით სიტუაციას ცუდად უმკლავდებიან. ყველაფერი სწრაფად უნდა წყდებოდეს. ხუთშაბათს, სერია A-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მატჩები გამართულიყო მაყურებლების გარეშე, უკვე პარასკევს კი სპორტის მინისტრი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა. ლიგის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როცა კონსულტაციის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ეს, უბრალოდ, მიუღებელია. უნდა ვიმსჯელოთ მომავალზე, რადგან რაც ამ მომენტში ხდება, ძალიან მაწუხებს.
თუ სხვა მატჩებიც გადაიდება, მართლაც არსებობს რისკი, რომ ვერ დავასრულებთ სერია A-ს სეზონს. ტურნირი უკვე დანაკარგს განიცდის. უბრალოდ, დაფიქრდით ტრავმებზე, დისკვალიფიკაციებზე და ფსიქოლოგიურ ასპექტზეც. ეს გაიძულებს იფიქრო, რომ მომავალში კალენდარი ძალიან მჭიდრო იქნება. შეიძლებოდა გუნდების რაოდენობის შემცირება 20-დან 18-მდე, რათა ექსტრემალურ შემთხვევებში კალენდარში თავისუფალი დღეები გაჩნდეს. დღეს ჩვენ გამოუვალ სიტუაციაში ვართ“, – განაცხადა მაროტამ „გაძეტა დელო სპორტისთვის“ მიცემულ კომენტარში.