„ინტერის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ არ გამორიცხა მილანური კლუბის მიერ ფორვარდ ლაუტარო მარტინესის გაყიდვა, ოღონდ იმ პირობით, თუ ამას თავად არგენტინელი მოისურვებს. მარტინესის მიმართ ინტერესს ბოლო რამდენიმე თვეა „ბარსელონას“ მიაწერენ.
„ჩვენ მილანის „ინტერი“ ვართ, არ გვაქვს ვინმეს გაყიდვის აუცილებლობა. მოთამაშეთა მომავალი თავად მათზეა დამოკიდებული. თუ ლაუტარო მოინდომებს ჩვენთან თამაშს, მხოლოდ მოხარულები დავრჩებით. ამ მომენტისთვის ის ჩვენი ფეხბურთელია და ამით კმაყოფილები ვართ. თუ ის სხვა გზას აირჩევს, ყველაფერს მოვიფიქრებთ და ავწონ-დავწონით“, – განაცხადა მაროტამ გაზეთ AS-თან კომენტარში.
„ინტერმა“ მარტინესი 2018 წელს შეიძინა „რასინგიდან“. მას შემდეგ, ლაუტარომ „მილანელთა“ რიგებში 22 გოლი გაიტანა.