„ინტერი“ დრის მერტენსს 12-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს
„ინტერი“ დრის მერტენსს 12-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს

მილანის „ინტერი“ აპირებს, კონტრაქტი გაუფორმოს „ნაპოლის“ ბელგიელ ფორვარდ დრის მერტენსს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება.

32 წლის ბელგიელს უკვე შესთავაზეს ორწლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონი ევრო, რასაც ბონუსები დაემატება.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ მერტენსის გაშვება არ სურს და მას ახალ, ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვით მოთამაშის ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევრო იქნება და ამას ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება. იტყობინებიან ასევე, რომ ფეხბურთელით დაინტერესებულნი არიან „ჩელსი“ და „მონაკო“.