„ინტერ მაიამიში“ „ბარსელონას“ კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე - ჟორდი ალბა ითამაშებს #1TVSPORT
ლიონელ მესისა და სერხიო ბუსკეტსის შემდეგ „ინტერ მაიამიში“ „ბარსელონას“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი – ჟორდი ალბა ითამაშებს.
34 წლის ესპანელ მარცხენა მცველს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ამოეწურა და ამ დრომდე იგი თავისუფალი აგენტია, ხოლო მისი „ინტერ მაიამიში“ ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა, ხორხე მასმა დაადასტურა.
MLS-ის გუნდმა ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი ქომაგებს 17 ივლისს წარუდგინა. ორივე ფეხბურთელმა ამერიკულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა.
რაც შეეხება ჟორდი ალბას, ის „ბარსელონას“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. მას სერხიო ბუსკეტსთან ერთად 11 წელი აქვს ნათამაშები კლუბსა და ნაკრებში, ხოლო ლიონელ მესისთან ერთად ესპანური ფეხბურთის გრანდში ცხრა წლის განმავლობაში ასპარეზობდა. ალბა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთხელ ევროპის ჩემპიონი გახდა და ერთხელ უეფა-ს ერთა ლიგა მოიგო.