„ინტერ აკადემია საქართველომ“ ნაკრების ლეგენდებს უმასპინძლა #1TVSPORT
„ინტერ აკადემია საქართველომ“ და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დანტუონოს და GEO11-ის (ლეგენდების ნაკრების) გუნდის წევრებს – აჩი არველაძეს, ზურა ხიზანიშვილს და თემურ ქეცბაიას უმასპინძლეს.
„ინტერ აკადემია საქართველოს“ გვერდის ცნობით, ფეხბურთელებთან შეხვედრა Sports Orient LLC-ის ორგანიზებით გაიმართა. ვეტერანებმა აკადემიის ბავშვებთან 7 მარტს ბათუმში დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე და საკუთარ საფეხბურთო გამოცდილებაზე ისაუბრეს, ასევე მათ კითხვებს უპასუხეს. ბოლოს კი ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფებიც დაარიგეს.
შეხვედრისას აკადემიის ბავშვებმა ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის გამარჯვებულებიც ლეგენდების მატჩის ბილეთებით დასაჩუქრდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ლეგენდებმა მოზარდებთან ვარჯიში გამართეს და რჩევები მისცეს.
საქართველოსა და მილანის „ინტერის“ ლეგენდები ერთმანეთს ბათუმში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.