ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სიტყვებისთვის ლებრონ ჯეიმსი ბოდიშს იხდის
ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სიტყვებისთვის ლებრონ ჯეიმსი ბოდიშს იხდის

ლებრონ ჯეიმსი, ინსტაგრამზე განთავსებული კომენტარის გამო, ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის სურდა.

როგორც ირკვევა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში თავისი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსის, 21 სევიჯის (21 Savage) სიმღერიდან ერთი ფრაზა გამოაქვეყნა, რომელშიც ებრაულ ფულზეა საუბარი („We been getting that Jewish money, everything is Kosher…“), რაც ბევრმა მომხმარებელმა ანტისემიტურ გამონათქვამად აღიქვა.

„რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ეს შეურაცხყოფად მიიღო. მანქანაში ხშირად ვუსმენ კარგ მუსიკას და სიმღერების სიტყვებს ვაქვეყნებ ხოლმე. მართალი გითხრათ, მე ეს უფრო კომპლიმენტი მეგონა, ვიდრე შეურაცხყოფა, თუმცა ამ აზრს, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი არ იზიარებს“, – აცხადებს კალათბურთელი.

აღსანიშნავია, რომ ბოდიში თავად სიმღერის ავტორმაც მოიხადა. 21 სევიჯმა ლებრონის ანალოგიური კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ებრაულ ფულზე რეპლიკა უფრო კომპლიმენტი ჰგონია, ვიდრე შეურაცხყოფა.

„მე ბევრი ებრაელი ნაცნობი მყავს და ვიცი, რომ ფულთან მიმართებაში ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. სწორედ ამიტომ დავწერე ეს სიტყვები. არავის შეურაცხყოფა თავშიც არ გამივლია. მე ყველა ადამიანი მიყვარს“, – აცხადებს მუსიკოსი.