ინჯგიამ ითამაშა, პაპუნაშვილი ისევ სკამზეა - „აპოლონმა“ ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 მატჩში ლიმასოლის „აპოლონმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელია, მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
„აპოლონის“ განაცხადში იყვნენ რეზი ინჯგია და გიორგი პაპუნაშვილი, მაგრამ მხოლოდ პირველმა ითამაშა. ინჯგია მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშში აქტიურადაც ჩაერთო. შეხვედრის ბედი 83-ე წუთზე ლიმასოლელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ველინგტონ პერეირამ ზუსტი თავური დარტყმით გადაწყვიტა და „აპოლონმა“ 1:0 მოიგო.
ამ გამარჯვებით „აპოლონმა“ 28 ქულა დააგროვა და ისევ გადაასწრო აეკ-ს, რომელიც 27 ქულით მეორე პოზიციაზეა. ოქრიაშვილის, ქვილითაიას და დაუშვილის „აპოელი“ 15 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ მე-8 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება პაპუნაშვილის უთამაშებლობას, ის კვიპროსული „აპოლონიდან“ წასვლას აპირებს და გუნდთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, ლევან ზუხბაიამ განაცხადა.