ინგლისური პრესა - ბიელსას შეუძლია, კვარაცხელიასგან „ლიდსის“ ახალი ჯადოქარი შექმნას #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი განახლდა. საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ თქვა, რომ „ლიდს იუნაიტედისთვის“ კვარაცხელიას ტრანსფერის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც მან ზაფხულში ახალ გუნდში გადასვლა ვერ შეძლო.
ღურწკაიას მიაჩნია, რომ კვარაცხელიას ფასი მკვეთრად ეცემა, რადგან ხვიჩამ დაუკლო მას შემდეგ, რაც ყაზანის „რუბინმა“ ბოლო სატრანსფერო „ფანჯარაში“ მის გაყიდვაზე უარი თქვა.
„ხვიჩასთან კონტრაქტი არავინ გააფორმა. მისი ფასი სტაბილურად ეცემა. ყაზანელებმა მოითხოვეს 20 მილიონი ევრო, რადგან გაზაფხულზე კვარაცხელია ნამდვილი „ცეცხლი“ იყო. შემდეგ ყველა ყვიროდა, რომ ნებისმიერი ინგლისური გუნდი შეიძენდა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი 30 და 40 მილიონ ევროს აქეთ-იქით ყრიდნენ. სინამდვილეში, არავინ წაიყვანა. ახლა ცუდად თამაშობს და მასში 10-12 მილიონ ევროზე მეტს არავინ გადაიხდის“, – თქვა ღურწკაიამ.
ამ ყველაფერს ინტერნეტ პორტალი footballfancast გამოეხმაურა და საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც „ლიდსს“ქართველი თავდამსხმელის შეძენას სწორედ ფასის დაკლების დროს ურჩევს.
„ლიდსმა“ კვარაცხელიას ტრანსფერი იანვრის „ფანჯარაში“ უნდა განახორციელოს, თუ ღურწკაია მართალია. Transfermarkt ქართველს 18 მილიონ ევროდ აფასებს და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვიქტორ ორტას („ლიდსის“ მენეჯერი) შეუძლია „ოქრო“ შეიძინოს, თუკი კლუბი ყაზანის „რუბინთან“ ღურწკაიას დასახელებულ ფასში შეძლებს შეთანხმებას. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო აგენტის თქმით, კვარაცხელიამ ცუდი ფორმის გამო ღირებულება დაკარგა, ეს „ლიდსს“ არ უნდა აშფოთებდეს. 20 წლის ასაკში არასტაბილურობა მოსალოდნელია და კვარაცხელიას დრო აქვს, რომ განვითარება გააგრძელოს“, – წერს footballfancast.
ბერლინის „ჰერტას“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ბუშუევმა ერთხელ კვარაცხელია 21ე საუკუნის ორ დიდ ფლანგის შემტევს შეადარა და განაცხადა, რომ ქართველ თავდამსხმელს ბუნდესლიგაში თამაში შეუძლია:
„კვარაცხელია იმავე გალაქტიკის მოთამაშეებიდან, როგორც რიბერი ან რობენი არიან. მას შეეძლო ეთამაშა ბუნდესლიგის ხუთ საუკეთესო კლუბში – მას აქვს გიჟური ტექნიკა და კარზეა დაგეშილი. გერმანიის ჩემპიონატში რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი იყო, ამიტომ ხვიჩას აქ თამაში შეუძლია“.
„ეს ხაზს უსვამს კვარაცხელიას პოტენციალსს და არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც „ლიდსმა“ უნდა დაიმატოს. მარსელო ბიელსამ უკვე დაამტკიცა, რომ მას ფეხბურთელების პოტენციალის გახსნა შეუძლია. ამის შესანიშნავი მაგალითი ილან მელიეა. წლის განმავლობაში ფრანგის სატარნსფერო ღირებულება „ელლანდ როუდზე“ 344%-ით გაიზარდა. არგენტინელ მწვრთნელს მსგავსი სამუშაო ჩატარება კვარაცხელიასთანაც შეუძლია.
ბიელსას შეუძლია ის „ლიდსისთვის“ მეორე რაფინიად გადააქციოს. ბრაზილიელმა „მარგალიტმა“ პრემიერლიგაში ყურადღება შესანიშნავი თამაშებით მიიპყრო. ეს არის ის, რისი გამეორებაც კვარაცხელიას შეუძლია, თუ „ლიდსი“ მასთან ხელს მოაწერს, განსაკუთრებით მისი შესანიშნავი დრიბლინგის (2.1-ხელ თამაშში) გათვალისწინებით.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ორივე ფეხს კარგად იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიელსამ შეიძლება ასწავლოს მას მარცხნიდან კარგად თამაში და რაფინიას მსგავსად კარგი მეპასეც გახდეს. ამრიგად, ის შეიძლება გახდეს მშვენიერი პროექტი მთავარი მწვრთნელისთვის, რომელიც კვარაცხელიასთან იმუშავებს და პოტენციურად შეუძლია კლუბის ახალი ჯადოქარი გახდეს, როგორიც ამჟამად რაფინიაა“, – წერს ინგლისური გამოცემა.