ინგლისური პორტალის უცნაური ვარაუდი - შესაძლოა, კვარაცხელია „ლიდსში“ ბიელსამ მარცხენა მცველად ათამაშოს #1TVSPORT
ინგლისური პორტალის უცნაური ვარაუდი - შესაძლოა, კვარაცხელია „ლიდსში“ ბიელსამ მარცხენა მცველად ათამაშოს #1TVSPORT

ინგლისურმა საფეხბურთო პორტალმა hitc.com-მა ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისის პრემიერლიგაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, მორიგი ინფორმაცია გაავრცელა.

„რუსული „რუბინი“ ემზადება ხვიჩა კვარაცხელიას წასვლისთვის, რომელიც „ლიდსის“ სამიზნეა. ეს გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აღიარა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაფერი მშვიდად წარიმართა, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კი ორი თვე დარჩა და მთავარი პერიპეტიები ჯერ კიდევ წინაა. თავად კვარაცხელიამ ორი კვირის წინ არ დამალა, რომ მან „ლიდსთან“ ზაფხულში „ელანდ როუზე“ შესაძლო გადასვლის შესახებ მოლაპარაკება მართლაც გამართა.

მის ტრანსფერს ყაზანელები 20 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებენ. „რუბინის“ სპორტული დირექტორი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიას გაუშვებენ, თუ მიიღებს სათანადო შეთავაზებას. როგორც ჩანს, ასეთი წინადადება ჯერ არ მიუღიათ, რადგან „ლიდსის“ თავდაპირველი დაინტერესება უფრო სერიოზულ შეთავაზებაში არ გადაზრდილა. ამიტომ ყაზანში ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც ემზადებიან. სლუცკიმაც განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის სათამაშო სქემას ამზადებს როგორც კვარაცხელიას დარჩენის, ასევე მისი წასვლის შემთხვევაში“, – წერს საფეხბურთო პორტალი.

hitc.com იმასაც ამტკიცებს, რომ კვარაცხელია გუნდის მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ, შესაძლოა, მცველად გამოიყენოს – თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.

„ჯერჯერობით გაურკვეველია, კვარაცხელია მარსელო ბიელსას გეგმებში რომელ პოზიციაზე მოიაზრება. ჯეკ ჰარისონი და რაფინია გუნდში დიდ როლს ასრულებენ. ამავე დროს, 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი ბევრია იმ ადამიანისთვის, რომელსაც სავარაუდოდ „ლიდსის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტია არ ექნება. ალბათ, ბიელსას სჯერა, რომ მშრომელ და მრავალმხრივ კვარაცხელიას შეუძლია ახალ როლში, მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშოს. ეს შესაძლებელია პრემიერლიგის ყველაზე ავანტიურისტულ გუნდში, სადაც ნახევარმცველები დაცვაზე დიდად არც ფიქრობენ, რასაც ჩრდილომაკედონიელი ალიოსკის თამაშიც ადასტურებს“, – ვკითხულობთ ინგლისური პორტალზე.