ინგლისური გამოცემა - „რედინგმა“ შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და ლაშა დვალის ნიჭი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
ინგლისურმა გამოცემამ, footballleagueworld-მა წერილი გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების მცველის, ლაშა დვალის შესახებ, რომელიც 18 წლის ასაკში ინგლისურ „რედინგში“ გადავიდა, მაგრამ სამუშაო ვიზის არქონის გამო გუნდში ვერ ითამაშა.
„დვალს სამუშაო ნებართვის არქონამ ხელი შეუშალა და „რედინგის“ გულშემატკივრებმა ვერ ნახეს მისი პოტენციალი. არადა, საუბარია მცველზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ითამაშა. მისი მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, როგორი სარგებელი შეიძლებოდა მოეტანა მას ინგლისური გუნდისთვის. „რედინგმა“ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა და ვერ გამოიყენა დვალის ნიჭი.
ის გუნდს 2013 წელს შეუერთდა. იმ დროს ქართველი მომავლის მოთამაშედ ითვლებოდა და პირველ გუნდში ადგილი უნდა მოეპოვებინა. თუმცა დვალმა ვერ მიიღო მუშაობის ნებართვა და ამან ხელი შეუშალა. ამის შემდეგ იჯარით წავიდა „სკონტოში“ და თურქულ „კასიმფაშაში“. 2015 წელს კი ინგლისს დაემშვიდობა.
ლაშა დვალი „რედინგის“ შემდეგ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „დუისბურგში“ გადავიდა. სამი წელი გაატარა პოლონეთში, ითამაშა ყაზახეთში, ხოლო 2019 წლის ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს უნგრულ „ფერენცვაროშში“ გადაბარგდა. ამ გუნდის ფორმით ითამაშა ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ საოცარი გამოცდილება მიიღო. ახლა კი კვიპროსულ აპოელ-ში გამოდის.
ბოლო წლებში კარგად ასპარეზობდა კლუბსა და ნაკრებში. მისმა პენალტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.
ქართველი ფეხბურთელი არამხოლოდ ღირებული მოთამაშე გახდა, შეიძლებოდა, სოლიდურ თანხად სხვა კლუბს ეყიდა. ის ფაქტი, რომ მან კონტინენტის პირველობაზე ითამაშა, ხაზს უსვამს „რედინგის“ სწორ გადაწყვეტილებას 2013 წელს მის დამატებასთან დაკავშირებით.
ბოლო წლებში „რედინგის“ აკადემიამ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გაზარდა – მაიკლ ოლისე გადავიდა „კრისტალ პალასში“, ომარ რიჩარდსი შეუერთდა მიუნხენის „ბაიერნს“, ხოლო ტომ ჰოლმსი პირველი გუნდის საიმედო მოთამაშე გახდა. დვალი ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო შესანიშნავი ფეხბურთელი „რედინგისთვის“, მაგრამ სამუშაო ნებართვის პრობლემამ ხელი შეუშალა“, – წერს footballleagueworld-ი.