ინგლისური გამოცემა | იმედია, „ლივერპულში“ სხვა ქართველი ფეხბურთელებიც ითამაშებენ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ გადასვლა მიულოცა. გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები ხვიჩას ტრანსფერითაც იყვნენ დაინტერესებულნი – რამდენად რეალურია „ენფილდზე“ მეორე ქართველის გადასვლა, ამის შესახებ სტატიას გამოცემა Rousingthekop-ი აქვეყნებს:
„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება. ტრანსფერების მხრივ „ლივერპულს“ ასეთი მშვიდი ზაფხული აქამდე არ ჰქონია. რამდენიმე დღის წინ „წითლებმა“ გიორგი მამარდაშვილის დამატება ოფიციალურად დაადასტურეს – ქართველი მეკარე არნე სლოტის მწვრთნელობის პერიოდში პირველი ახალწვეული გახდა.
მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 23 წლის მეკარის ტრანსფერი საქართველოში ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებულია (35 მილიონი ევრო), ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც „ლივერპულში“ ითამაშებს. იმედოვნებენ, რომ მომავალში მერსისაიდულ კლუბში სხვა ქართველი ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან.
„ლივერპული“ დაინტერესებულია კვარაცხელიას შეძენით, რომელიც დღვანდელი ქართული ფეხბურთის სიმბოლოა. ხვიჩა ჯერჯერობით „ნაპოლიში“ რჩება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ, როდესაც იტალიელები კვარაცხელიას გაყიდვას დააპირებენ, „ლივერპული“ ფავორიტი იქნება. მამარდაშვილის ტრანსფერმა კი, შესაძლოა, ეს პროცესი დააჩქაროს და მომავალ ზაფხულში კვარაცხელიაც „ენფილდზე“ აღმოჩნდეს.
ხვიჩას სიტუაცია მამარდაშვილისგან განსხვავებულია. „ვალენსია“ თავად იყო ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესებული, „წითლებმა“ კარგად იმუშავეს და შეძლეს 23 წლის მეკარის დამატება. კვარაცხელია კი „ნაპოლის“ საკვანძო ფიგურაა, ნეაპოლელებს მისი გაშვების სურვილი არ ექნებათ, მაგრამ ტრანსფერს თუ მაინც დათანხმდებიან, დიდ ფასსაც მოითხოვენ. მეორეს მხრივ, თუ ქართველი ფეხბურთელი ხელს მოაწერს ახალ კონტრაქტს, სადაც მისი გამოსყიდვის პუნქტი იქნება გათვალისწინებული, ამან, შესაძლოა, „ლივერპულის“ ინტერესი გამოიწვიოს. ამიტომ, გიორგი, დაუკავშირდი ხვიჩას და „ენფილდზე“ მეგობარს ჩამოგიყვანთ“.