ინგლისური გამოცემა გიორგი ჩაკვეტაძეზე - ასეთ მოთამაშეს შეუძლია, საოცრებები მოახდინოს #1TVSPORT
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „უოტფორდში“ შიშობდნენ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს უფრო ძლიერი და მდიდარი კლუბები მიიწვევდნენ, რადგან ის გამორჩეული მოთამაშეა – ამის შესახებ სტატიას გამოცემა Football league world-ი აქვეყნებს.
„2024-25 წლების სეზონი „უოტფორდმა“ შესანიშნავად დაიწყო. ტომ კლევერლის გუნდმა ინგლისის თასზე და ჩემპიონშიფის პირველ ხუთ მატჩში 15 გოლი გაიტანა და მხოლოდ სამი გაუშვა.
„უოტფორდის“ წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი გიორგი ჩაკვეტაძეს მიუძღვის, რომელიც საუკეთესო ფორმაშია. ამ მატჩებში ქართველმა ნახევარმცველმა შესანიშნავად ითამაშა. Football League World-ის ექსპერტი ჯასტინ ბიტი აცხადებს, რომ „უოტფორდმა“ ყველაფერი გააკეთა, რათა 25 წლის ფეხბურთელი შეენარჩუნებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტურები ბევრმა ფეხბურთელმა კარგად ჩაატარა, ჩაკვეტაძის ვარსკვლავური გამოსვლები მაინც განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო.
ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თამაშის შემდეგ ჩაკვეტაძე ინგლისში დაბრუნდა, რათა თავისი კლასი დაემტკიცებინა. მან ჩემპიონატის პირველივე მატჩში „მილუოლს“ საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაუტანა. „უოტფორდი“ ცდილობს, გამორჩეული ფეხბურთელი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს, ამის გამო კლუბმა მის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველა შეთავაზება უარყო.
ჯასტინ ბიტი (Football League World-ს ექსპერტი) – „ვფიქრობდი, რომ „უოტფორდს“ გიორგი ჩაკვეტაძე არაფრის ფასად არ უნდა გაეშვა და კარგია, რომ ასე მოხდა. ჩემი აზრით, ქართველი ამ სეზონში გუნდის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს და ვისურვებდი, რომ „უოტფორდში“ დიდხანს დარჩეს. კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სარფიან წინადადებასაც არ უნდა დათანხმდეს“.
წინა სეზონში გუნდის არცერთ მოთამაშეს არ შეუქმნია ქართველზე მეტი საგოლე მომენტი (საშუალოდ 5.49 მატჩში), რაც მას ყველა მოთამაშეზე მაღლა აყენებს. „გენტის“ ყოფილ ფეხბურთელს წარმატებული დრიბლინგების საუკეთესო მაჩვენებელი (57.8%) ჰქონდა, რაც მის მაღალ კლასზე მეტყველებს.
ასეთ მოთამაშეს შეუძლია, საოცრებები მოახდინოს და მეტოქის დაცვა „დაანგრიოს“. სეზონის დასაწყისში ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ცდილობდა „უოტფორდი“ ჩაკვეტაძის შენარჩუნებას“.