ინგლისური გამოცემა - ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩში პრემიერლიგის კლუბები კვარაცხელიას აკვირდებოდნენ #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის კლუბები „ნაპოლის“ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდებიან და ამ მიზნით მათი წარმომადგენლები ვალიადოლიდში ესპანეთი-საქართველოს შეხვედრას დაესწრნენ, – ინფორმაციას გამოცემა 90min-ი ავრცელებს.
„„სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ნიუკასლისა“ და „ჩელსის“ წარმომადგენლები ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტს ძალიან აფასებენ. ესპანეთისა და საქართველოს მატჩში პრემიერლიგის კლუბების ინტერესის სფეროში მყოფი არაერთი მოთამაშე მონაწილეობდა, მაგრამ კვარაცხელია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა.
ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში „ნაპოლის“ საკვანძო მოთამაშე იყო. ვიქტორ ოსიმენთან ერთად კვარაცხელია გოლებითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა, 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა“, – წერს გამოცემა.
ამ ინტერესის შესახებ იუწყება Manchester Evening News-იც, სადაც დაკონკრეტებულია, რომ ქართველი მოთამაშისადმი განსაკუთრებულ ინტერესს „მანჩესტერ სიტი“ ავლენს.
„ცნობილია, რომ „მანჩესტერ სიტი“ გარემარბის პოზიციაზე გაძლიერებას ცდილობს და დაინტერესებულია ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის წარმომადგენლები „ნაპოლის“ ვარსკვლავს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში აკვირდებოდნენ, სადაც საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:3 დამარცხდა.
22 წლის მოთამაშემ ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა და სკაუტებზე, სავარაუდოდ, დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. შესაძლოა, „მანჩესტერ სიტის“ სწრაფად მოუხდეს მუშაობა კვარაცხელიას გადასაბირბლად, რადგან ის „ნაპოლისთან“ კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – წერს Manchester Evening News-ი.