ინგლისური გამოცემა - „ჩელსის“ მამარდაშვილი კვლავ აინტერესებს #1TVSPORT
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, „ჩელსი“ მეკარის დამატებას აპირებს, ლონდონელთა სიაში კი პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილია, – ინფორმაციას გამოცემა 90min.com-ი ავრცელებს.
მამარდაშვილი „ჩელსის“ სატრანსფერო სიის სათავეშია
„ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მომავალ თვეებში მაღალი კლასის მეკარეს დაიმატებს. „ვალენსიის“ ვარსკვლავი გიორგი მამარდაშვილი მათ სიაში პირველ ადგილზეა. ზაფხულში გუნდიდან ედუარდ მენდისა და კეპა არისაბალაგას წასვლის შემდეგ ლონდონელებმა „ბრაიტონიდან“ რობერტ სანჩესი დაიმატეს, მაგრამ კიდევ ერთი საიმედო მეკარის მიყვანას კვლავაც ცდილობენ.
მიუხედავად იმისა, რომ კეპა მადრიდის „რეალში“ იჯარით გადავიდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას „სტემფორდ ბრიჯზე“ დიდი მომავალი არ აქვს და უახლოეს მომავალში მადრიდში მუდმივი კონტრაქტის საფუძველზე გადავა. ამჟამად ლონდონურ კლუბში ერთადერთი საიმედო მეკარე სანჩესია და გასაკვირი არ არის, რომ მაურისიო პოჩეტინო კიდევ ერთი გოლკიპერის დამატებას ცდილობს.
„ვალენსიის“ 22 წლის მეკარემ თავისი კლასი ესპანეთის ლიგაში უკვე დაამტკიცა და, შესაძლოა, „ჩელსის“ ღირებული შენაძენი გახდეს. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ინგლისელები უახლოეს თვეებში ესპანურ კლუბთან შეთანხმებას. იანვარში ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან „ვალენსიას“ არ სურს, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე შუა სეზონში გაუშვას. ასე რომ, დიდი ალბათობით, „ჩელსის“ მეკარის შესაძენად ზაფხულამდე მოუწევს ლოდინი.
მამარდაშვილს პრემიერლიგაში გადასვლის შანსი აქვს და ძნელია, უარი თქვას ისეთ დიდ კლუბში თამაშზე, როგორიც „ჩელსია“. ის შეეცდება კარიერულ წინსვლაში შემდეგი ნაბიჯი გადადგას – ინგლისში გადასვლა მისი, როგორც მეკარის ზრდას დააჩქარებს“, – ამტკიცებს გამოცემა 90min.com-ი.