ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია შეშფოთებულია ქვეყნის ჩემპიონატში ლეგიონერების რაოდენობით. როგორც გაზეთი The Times-ი წერს, უცხოელი ფეხბურთელების დიდი რიცხვი ბრექსიტის გაუთვალისწინებელ შედეგებს მოჰყვა.
ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისურმა კლუბებმა ორჯერ მეტი ლეგიონერი აიყვანეს, ვიდრე წინა წლებში. წესი, რომელიც ბრექსიტის შემდეგ მიიღეს, მნიშვნელოვნად უმარტივებს ინგლისურ კლუბებს არაინგლისელი ფეხბურთელების გაფორმების პროცესს. ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ, შესაძლოა, შეზღუდვა შემოიტანოს კლუბებში უცხოელების რაოდენობაზე, რადგან ინგლისელი ფეხბურთელები გაცილებით ნაკლებ სათამაშო დროს იღებენ.
აღნიშნავენ, რომ იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც გასულ კვირას პრემიერლიგაში ითამაშეს, მხოლოდ 28 პროცენტი იყვნენ ინგლისელები, მთელი სეზონის განმავლობაში კი ეს რიცხვი დაახლოებით 30 პროცენტს უდრის.