ექვსი ერის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა რომში გაიმართა, სადაც იტალიამ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს და მთავარ ფავორტს – ინგლისს უმასპინძლა.
ავსტრალიელი ედი ჯონსის ხელში ინგლისი მუდმივად პროგრესირებს და მათ აუტსაიდერი იტალიის დამარცხება არ გასჭირვებიათ.
ანგარიში მე-3 წუთზე, ვოთსონის ლელოთი გაიხსნა და სტუმრები ხუთი ქულით დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე ვოთსონმა დუბლი შეასრულა – 10:0. ოუენ ფარელმა ვერც ერთი გარდასახვა ვერ გაიტანა.
მე-20 წუთზე იტალიელებმა ერთი ლელო გაქვითეს. ლელო შესანიშნავი გათამაშების შემდეგ ბენვენუტიმ მიითვალა. ტომასო ალანმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა.
ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სტუმრები გააქტიურდნენ და სულ რაღაც ოთხ წუთში ათ ქულიანი სხვაობა აღადგინეს. ამჯერად თავი ოუენ ფარელმა გამოიჩინა და თავისივე ლელო გარდასახა.
ტაიმის მიწურულს იტალიელებმა მოუმატეს. 38-ე წუთზე ისინი ლელოსთან ახლოს იყვნენ, ინგლისი კი მათ იერიშებს ჯარიმის ხარჯზე იგერიებდა. იტალიელებმა ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტეს და ტაიმი 10:17 დასრულდა.
მეორე ტაიმში პირველი ქულები კვლავ ინგლისელებმა მოიპოვეს. ოუენ ფარელმა 46-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა – 10:20. გაშვებული ქულების შემდეგ იტალიელებმა სალელოვე შეტევა განავითარეს, თუმცა წინ პასის გამო ბონის ლელო არ ჩაითვალა.
53-ე წუთზე, ბონუს ქულის მომტანი ლელო, ექსეტერ “ჩიფსის” და ინგლისის ნაკრების რვა ნომერმა სემ სიმონსმა დადო და ანგარიშში სხვაობა 17 ქულამდე გაზარდა.
იტალიელებს ქულების მოპოვება სასწრაფოდ სჭირდებოდათ და მათ ეს 58-ე წუთზე მოახერხეს. მართალია ბელინიმ ბურთის დამიწებამდე ფეხი თითქოს კიდეს შეახო, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი ზუსტად ვერც ვიდეო მსაჯმა გაარჩია და საბოლოო ჯამში ლელო ჩაითვალა.
დარჩენილ დროში ინგლისმა ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა. 67-ე წუთზე ლელო ფორდმა ფარელთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ დადო – 15:34.
სიმონსმა დუბლი 75-ე წუთზე, ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ შეასრულა. ორიოდ წუთში იმავე სიმონსმა, ფრთაზე გადაცემა შეცვლაზე შემოსულ ჯეკ ნოველს გაუკეთა და ინგლისელებმა მე-7 ლელო მიითვალეს.
საბოლოო ანგარიში – იტალია 15:46 ინგლისი.