ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი გახდა, მწვრთნელი - ენჯ პოსტეკოგლუ #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ლივერპულის“ ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი დაასახელა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად – „ტოტენჰემის“ დამირგებელი ენჯ პოსტეკოგლუ.
სალაჰი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეხუთედ აღიარეს. ოქტომბერში ეგვიპტელმა ხუთი გოლი გაიტანა.
რაც შეეხება პოსტეკოგლუს, „ტოტენჰემის“ ავსტრალიელი მწვრთნელი ზედიზედ მესამედ გამოარჩიეს მიმდინარე სეზონში. მან იგივე ჯილდო აგვისტოსა და სექტემბერშიც მოიგო. ამ მაჩვენებლით ის ისტორიაში მეოთხე სპეციალისტი გახდა. აქამდე ზედიზედ სამჯერ ეს ტიტული ხოსეპ გვარდიოლამ, ანტონიო კონტემ და იურგენ კლოპმა მოიგეს. პოსტეკოგლუს გუნდმა გასულ თვეში სამიდან სამი მატჩი დაასრულა წარმატებით.
ინგლისის პრემიერლიგას 11 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს 27 ქულით, მეორე ადგილზე „ტოტენჰემია“, ლონდონელებს 26 ქულა აქვთ, ხოლო მესამე ადგილს 24-24 ქულით „ლივერპული“ და „არსენალი“ იყოფენ.