ინგლისის ნაკრებთან მატჩებისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ლადო კილასონიას გუნდი 27 მაისსა და 1-ელ ივნისს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ინგლისის 20-წლამდელთა წინააღმდეგ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს, თამაშები 19:00 საათზე დაიწყება.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მზადების ბოლოსწინა ეტაპს გადიან. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მორაგბეებმა რამდენიმე დღე დაისვენეს და 40-კაციანი შემადგენლობით შეკრებაზე შევიდნენ. ის ლეგიონერები, რომელთა კლუბები საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფებში არიან გასული, ამ ეტაპზე გუნდთან ერთად არ არიან და ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ინგლისთან მატჩებისთვის:
შერკინება: ლუკა უნგიაძე („არწივები“), ლუკა კოტორაშვილი („ხვამლი“), ონისე იოსელიანი („აია“), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი („ლელო“), ბასა ხონელიძე („ორიაკი“), თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), დავით ბერიძე („ლელო“), გიორგი ჭუმბურიძე („აია“), დავით მჭედლიშვილი („ლელო“), ბექა ბერიძე („ბათუმი“), ვანო ნუცუბიძე („ლელო“), გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), გიორგი ნიკოლაძე („აია“), მურთაზ ცხადაძე („არესი“), ოთარ კინწურაშვილი („ანგულემი“), ნიკა ლომიძე („ხარები“), თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“), თორნიკე ბაიხოიძე („ხვამლი“), ნიკოლოზ საყვარელიძე („ორიაკი“), დავით ვარდანიძე („აია“), ლუკა სულუაშვილი („ხვამლი“), ანდრო დვალი („ლელო“);
ხაზი: დავით ხუროშვილი („ლელო“), ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), ნიკოლოზ კუპრაშვილი („ყოჩები“), გელა ხელაძე („ლელო“), პეტრე ხუციშვილი („ლელო“), ზურაბ ფირცხალაიშვილი („ბათუმი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), დიტო ბერაია („ლელო“), გიორგი ხაინდრავა („ლელო“), ლუკა კობაური („პერპინიანი“), საბა არჩვაძე („ლელო“), ლუკა ცირეკიძე („ლელო“), სანდრო დარძულიძე („ლელო“), შალვა აფციაური („ლელო“), ლუკა სახელაშვილი („ლოკომოტივი“), ვაჟა მიქაძე („ლელო“), ლუკა კეშელავა („არმია“).
ლადო კილასონია (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): „ინგლისის 20-წლამდელთა პირველი გუნდის სტუმრობა ძალიან მაგარი ფაქტია და მადლობა ამისათვის რაგბის კავშირს, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია. ყველამ კარგად იცის, როგორი სარაგბო პოტენციალის ქვეყანაა ინგლისი. ვნახეთ ჩვენი მომავალი მეტოქის თამაში. მათ მობილური გუნდი ჰყავთ. მსოფლიო ჩემპიონატამდე ინგლისის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანი იქნება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშის შესაძლებლობა, მით უმეტეს, ასეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ, იშვიათად ეძლევა. ამ ბიჭების ნაწილი საკუთარი ქომაგის წინაშე პირველად წარსდგება ნაკრების კვართით და მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქომაგის აქტივობას, 27 მაისსა და 1-ელ ივნისს სიამოვნებით ვითამაშებთ სავსე ტრიბუნების წინაშე.
მოსამზადებლად ორი სრული სავარჯიშო დღე გვაქვს. საფრანგეთიდან მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერის ჩამოყვანა მოხერხდა და წინასწარ არ ვიცით, ვინ როდის დაგვემატება, რაც სირთულეებს ქმნის. ინგლისთან ორმატჩიანი სერია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპია. სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს მივდივართ და გუნდი საბოლოო სახეს ამ პერიოდისთვის მიიღებს“, – აღნიშნავს კილასონია.
შეგახენებთ, რომ 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა.
ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).