ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. გუნდში სამი ახალბედაა გამოძახებული – ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდიდან“, ჯეიმს მედისონი „ლესტერიდან“ და მეისონ მაუნტი, რომელიც ჩემპიონშიფის (რანგით მეორე ლიგა) გუნდ „დერბის“ წარმოადგენს.
მთავარი მწვრთნელის გარეტ საუტგეიტის სრული არჩევანი ასეთია:
მეკარეები – მარკუს ბეტინელი (ფულჰემი), ალექს მაკარტი (საუთჰემპტონი), ჯეკ ბატლენდი (სტოუკი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი);
მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჯო გომესი (ორივე – ლივერპული), ჰარი მაგუაირი (ლესტერი), დენი როუზი, კირან ტრიპიერი (ორივე – ტოტენჰემი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნზი, კაილ უოკერი (ორივე – მანჩესტერ სიტი), ჯეიმს ტარკოვსკი (ბარნლი);
ნახევარმცველები – როს ბარკლი (ჩელსი), ნათანიელ ჩალობა (უოტფორდი), ერიკ დაიერი, ჰარი უინქსი (ორივე – ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), მეისონ მაუნტი (დერბი), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი);
ფორვარდები – ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი უელბეკი (არსენალი).
ინგლისის ნაკრების საშუალო ასაკი 24 წელი და 191 დღეა. პირველად 2006 წლის შემდეგ, გუნდში არ არის 30 წელს მიღწეული არც ერთი ფეხბურთელი. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებშია დაბადებული – ალექს მაკარტია (1989).
ინგლისი ხორვატიასთან 12 ოქტომბერს გასვლაზე ითამაშებს, 15 ოქტომბერს – ესპანეთთან ასევე სტუმრად.